07 სექტემბერი 2026,   08:25
ვრცლად
აჭარაში ​კორონავირუსის 14 ახალი კერა გაჩნდა

აჭარაში დღეს დადასტურებული 39 ახალი შემთხვევიდან 15 პაციენტის ინფიცირების ზუსტი წყარო უცნობია. ამასთან, აჭარაში კორონავირუსის 14 ახალი კერა გაჩნდა, მათ შორის არის ისეთი ობიექტები, როგორიცაა სამედიცინო დაწესებულებები, ჰიპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრები, საოჯახო ტექნიკის მაღაზიები, ავტოსერვისები, კერძო საწარმოები და ა.შ. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, პაციენტებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც სატვირთო ავტომობილებს მართავდნენ. 

"აჭარაში დაფიქსირდა 39 დადებითი შემთხვევა. მათ შორის 4 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, რომელიც უდასტურდება სხვა ქვეყნის სატვირთო მანქანის მძღოლებს. დანარჩენი შემთხვევებიდან 4 უკვე ცნობილ კლასტერებთან დაკავშირებულია, 10 შემთხვევა დადასტურებულ შემთხვევებთან ოჯახური კონტაქტებია. ამასთან, 14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ამ 14-მა შემთხვევამ გვაჩვენა ფართო გავრცელების დიაპაზონი. 15 გახლავთ უცნობი შემთხვევა, რომელთა პირველწყაროც არ არის ცნობილი,"- განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა რამდენიმე კერძო კლინიკის მედპერსონალს. ასევე, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფ პაციენტს. მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადასული არიან თვითიზოლაციაში.

"პაციენტს, რომელიც გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას კლინიკაში დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება. რადგან ქვეყანაში არის რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გადაწყდა პაციენტის იზოლაცია და PCR ტესტის ჩატარება. პასუხი მოვიდა დადებითი და პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ცხელების ცენტრში, გადავა სამკურნალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ყველა კონტაქტი, მედპერსონალი და ის პაციენტები, რომლებიც იმ სართულზე იყვნენ განთავსებული ტესტირებულია, ყველა პასუხი მიღებულია უარყოფითი,"- განაცხადა კლინიკის ექიმმა. 

მიუხედავად გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება. სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, დაიცვან რეგულაციები და PCR ტესტირებისთვის შესაბამის კლინიკებს მიმართონ. 

დღის ამბები