თემქაზე, ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა. ინციდენტისას ლიფტში 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ამოყვანილია.
მომხდარის გამო დაშავდა ორი ადამიანი. ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის, გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ლიფტის რეაბილიტაცია ბოლოს 2015 წელს ჩატარდა, მას შემდეგ კი ამხანაგობას გამგეობისთვის შესაბამისი მოთხოვნით არ მიუმართავს.
"ერთი საათის წინ მოხდა შემთხვევა, ლიფტმა დაიწყო მუშაობა ღია კარის მდგომარეობაში. დაზარალებულია 2 ადამიანი. აქედან ერთ-ერთს ადგილზე გაეწია სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება, მეორე ადამიანი გადაყვანილი საავადმყოფოში და მიმდინარეობს მისი მკურნალობა.
რაც შეეხება ლიფტის რეაბილიტაციას - 2015 წელს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოძიებული კომპანიის საშუალებით, გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა ლიფტის რეაბილიტაცია. მას შემდეგ აღნიშნულთან დაკავშირებით გამგეობაში ამხანაგობის მომართვა აღარ ყოფილა. რაც შეეხება მეორე ლიფტს, რომელიც ასევე ამ შენობაში მდებარეობს, დაახლოებით, 1 თვის წინ მივიღეთ განაცხადი და შემდეგ კვირაში ცხადდება ტენდერი ლიფტის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით,"-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.