ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვითარება გართულდა. უკვე მეორე დღეა, რაც ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი სამციფრა რიცხვს აღწევს. ეპიდემიის ყველაზე ცხელ კერად აღიარებული აჭარის ფონზე, ახალი კლასტერები ჩნდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.
კახეთის ე.წ ქორწილის კლასტერს დღეს გორი დაემატა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულია 8 პირი, რომელიც სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდა.
ამასთან, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში, ახალი ვირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა.
კორონავირუსის ფაქტი გამოვლინდა თავისუფალ უნივერსიტეტში. ინფიცირებულია კახეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელიც.
კორონავირუსი დაუდგინდა კიდევ ერთ დეპუტატს - გედევან ფოფხაძეს, რომელიც კლინიკაში მოათავსეს.
აჭარაში კი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შიდა გავრცელების არეალი გაფართოვდა და ხელისუფლება კოვიდმიმღებ კლინიკებში საწოლების რაოდენობას აორმაგებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად სამნიშნა მონაცემებისა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის პაციენტები მიიღოს და სათანადოდ უმკურნალოს. საზოგადოებას მოუწოდებენ მარტივი წესების დაცვა არ დაივიწყონ, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს შეამცირებს.