სამოქალაქო სექტორი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიუღებელია პროექტის ის ჩანაწერი, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ იქნება ვალდებული დაასაბუთოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.
ასევე, შეზღუდვები ეხება გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც.
სამოქალაქო სექტორმა საკუთარი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა იმ ღონისძიების პარალელურად, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დაგეგმილი ცვლილების პროექტს ფართო საზოგადოებას აცნობდა.
"კოალიცია არ აპირებს იმ შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ცოტა უფრო ფართო საზოგადოებას წარმოუდგენს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ფრაგმენტულ ცვლილებებს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, როგორც თავად უზენაეს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის და პროცედურის დახვეწას, ისევე ზოგადად სასამართლო სისტემაში რაიმე ტიპის დადებითი ცვლილების განხორციელებას," - განაცხადა კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრმა გვანცა წულუკიძემ.
"აუცილებელია არა ასეთი ფრაგმენტული და ჩარევა სასამართლო სისტემის რეფორმირების გზაზე, არამედ უფრო დიდი ფორმებია საჭირო. მათ შორის ეს შეიძლება იყოს იუსტიციის საბჭოს მოწყობისა და კომპეტენციის ნაწილში. პრაქტიკულად არცერთი ამ ტიპის ცვლილება არ არის შემოთავაზებული. ამ თამაშში პარლამენტთან ერთად შესვლა არის მორიგი დაკარგული დრო და ჟარგონულად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმ სურვილების გაპრავებას, რაც გააჩნია მმართველ პარტიას," - განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.