ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია. რაც შეეხება 24-ე სკოლას, იქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ქალაქში მოწყობილ კარავში აღებული ნიმუშებიდან, თუ დინამიკა შენარჩუნდა, კარავს აიღებენ. ჯამში, იმერეთის ლაბორატორიამ 900-მდე ტესტი აიღო.
"დაფიქსირდა 14 ახალი შემთხვევა ქუთაისში. კარავშიც რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ჩვენ ტესტირებას, თუმცა შემცირებულია უკვე რაოდენობა. ყველა კონტაქტი ვიცით ვინ სად ცხოვრობს, ვინ იზოლაციაშია, ვინ კარანტინში. ქალაქის მასშტაბით ახლა 3 კლინიკაში გვყავს ინფიცირებულები განთავსებული და დღეს ამ წუთში არის 70 პაციენტი ამ სამ კლინიკაში," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.