პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სახალხო დამცველი "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შეფასებისას სუბიექტური მხარეა.
"სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში არის სუბიექტური, ვინაიდან სახალხო დამცველი იყო მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იცავდა პოზიციას ამ ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. შედეგად, ჩვენ დავარწმუნეთ მოსამართლეები, რომ ეს ნორმები, დღეს არსებული რეგულაციები არის სრულიად კონსტიტუციური. ეს იმას ნიშნავს, რომ ნინო ლომჯარიას ოფისი არის სუბიექტური, ვინაიდან ის იყო მხარე. მას სრული უფლება აქვს შეაფასოს, მაგრამ ნუ გაუსწრებს პროცესებს, ვინაიდან ის არის ასევე მონაწილე ფორმატის, სადაც ამ საკითხებზე ვმსჯელობთ. დაელოდოს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დღეს საქართველოს პარლამენტი "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. რაზეც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კანონში შესატანი შესწორებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ვერ პასუხობს.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ივლისში დარეგისტრირდა.