2 საათის განმავლობაში გაგრძელდა ბრალდებულ გიორგი ტატიაშვილის დაკითხვა. ის სასამართლოს ჩვენებას აძლევდა გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 არასრულწლოვანის ეპიზოდზე.
დახურული პროცესიდან "კურიერმა" გაარკვია, რომ გიგა ტატიაშვილი 2 საათის განმავლობაში იხსენებდა 18 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს. აგარაკის ინციდენტის გარდა, მან ყურადღება გაამახვილა ავტომაგისტრალზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო გიორგი ქათამაძემ.
მისი განცხადებით, სრულიად შემთხვევით შეხვდნენ მეგობრები ავტომაგისტრალზე ექვსეულს, სადაც გიორგი შაქარაშვილიც იმყოფებოდა. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ გიგა ტატიაშვილი აკვირდებოდა კოკო ღიბრაძეს, რომელიც თბილისის მიმართულებით გარბოდა და შემდგომ ჩაჯდა ტაქსში. უკან მოხედვის შემდგომ, მან დაინახა, რომ ძირს ეგდო ნაცემი გიორგი ქათამაძე, თუმცა ვინ მიაყენა მას დაზიანება მისთვის უცნობია.
ტატიაშვილის განცხადებით, მის ავტომობილში არ იყო ხელკეტი, რომელიც თან ჰქონდა ნიკა ჟვანიას. ნიკა ჟვანიასგან განსხვავებული ჩვენება მისცა დღეს მან სასამართლოს. მან დააკონკრეტა, რომ რკინის ხელკეტი ჰქონდა ჟვანიას თან, თუმცა რა ვითარებაში გამოიყენა, ტატიაშვილს არ დაუკონკრეტებია.
ამ საქმეზე დაიკითხა დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტიც.
როგორც დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, სასამართლო პროცესზე შეკითხვები დაზიანების განვითარების შესაძლებლობებზე იყო კონცენტრირებული.
"შეკითხვები დაცვის მხარის მხრიდან, ასევე ბრალდების მხარის მხრიდან, ძირითადში, კონცენტრირებული იყო დაზიანების განვითარების შესაძლებლობებზე. ბუნებრივია ის, რაც გვეწერა ჩვენ ექსპერტიზაში, რომ მთლიანობაში იმ დაზიანებებს, რაც მას აღენიშნებოდა, ის საკუთარი სხეულის სიმაღლიდან დაცემით ვერ მიიღებდა.
დავადასტურე, რომ მაღალტექნოლოგიური იმუნოფისტოქიმიური კვლევის ფონზე და პროცესში, რომელიც ჩაატარა ერთ-ერთმა გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელიც არ მუშაობს არც სამხარაულში, არც ჩემთან, დადგინდა ამ გვამიდან აღებული მასალის, სისხლნაჟღენთების ჰისტოქიმიური კვლევით, რომ ხანდაზმულობა დაზიანებების არის 10-დან 20 წუთის დროის ინტერვალში," - განაცხადა გეჯაძემ.