ლარსის გამშვებ პუნქტთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 40 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, ადვოკატი კი სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს და მე, რა თქმა უნდა, დავაყენებ შუამდგომლობას, რომ ის ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს, ან ალტერნატივად გირაოს შევთავაზებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს," - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი სოსო ბოლოთაშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობები დაკავებულის მამას საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალან მუზაშვილმა მიაყენა, რის შემდეგაც შვილმა შური იძია და თავდამსხმელი ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა. დაკავებულს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.