რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია, რომელიც სამართალდამცველებმა რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დააკავეს, ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის ბრალის წარდგენის პროცედურას ადვოკატი ესწრება.
რაც შეეხება მერაბ ბესელიას პოზიცია, ის მომხდარს ნანობს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აგრძელებს.
მერაბ ბესელიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა და ის, ფაქტობრივ გარემოებებში ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. მას დიდი დამსახურება აქვს ქართული რაგბის წინაშე და ამ მოცემულობას ის ძალიან ნანობს. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მის მიერ გამოხატული პოზიციები, ძალიან დაეხმარება როგორც გამოძიებას, ასევე რაგბის კავშირს. ფაქტობრივ გარემოებებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა სამართლებრივ ნაწილში ბრალდების მხარეს ბოლომდე არ ვეთანხმებით,"- აცხადებს მერაბ ბესელიას ადვოკატი პაატა მეხრიშვილი.
დაკავებულს დღეს ბრალი სხეულის განზრახ დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს.