17 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში ბეჟან წაქაძე წარადგინა

"ქართული ოცნება" იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. ამჯერად მმართველი გუნდის ლიდერებმა კანდიდატი ტყიბულში წარადგინეს. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში  "ქართულ ოცნებას" ბეჟან წაქაძე წარმოადგენს.

პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ტყიბულში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ტყიბულში მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა და მათ პროგრამაში აქცენტი, სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზეა გაკეთებული.

"საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება შრომის ახალი კოდექსი, მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის პირობების უსაფრთხოებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რაც წლების წინ საერთოდ არავის ახსოვდა. ის ბალანსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე მშრომელი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ავა. არანაირ ბიზნესს, არანაირ შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები არ დავიცავით და ეს იქნება თანმიმდევრული მიდგომა, ვინც არ უნდა იყოს აქ, ტყიბულში, ვინც არ უნდა მუშაობდეს და რანაირი კომპანიაც არ უნდა იყოს. ეს არის ის მინიმალური პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს გარანტიას, რომ ერთ წუთში, ან ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება და უმაღლეს ევროპულ დონეზე იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ტყიბული, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, როგორც მაღაროელების ქალაქი, ამ მიმართულებით ნელ-ნელა ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტი, რაც ჩვენს ტყიბულელებს აიძულებს ხშირ შემთხვევაში სხვაგან ეძებონ სამუშაო ადგილები, ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუდმივად უკეთესობისკენ იცვლება შრომის კოდექსი. ამ მიმართულებით პარლამენტში უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები არის მიღებული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობები და სოციალური გარანტიები იყოს უზრუნველყოფილი. აუცილებელია რომ დაცული იყოს ბალანსი ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შორის," - აღნიშნა "ქართული ოცნების"  გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

დღის ამბები