კორონავირუსის ახალი კერა გაჩნდა ბათუმშიც - ამ შემთხვევაში, პირველწყარო საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრია. გაიზარდა ინფიცირების ჯგუფი ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც. დღეს დადასტურებული კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 სწორედ აჭარაზე მოდის.
ინფიცირების ახალი შემთხვევები გვხვდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აქ 10-მდე პირი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა შორის არ არიან მოსამართლეები, ისინი აპარატის თანამშრომლები არიან. ბათუმის საქალაქო სასამართლო უკვე რამდენიმე დღეა სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, საქმეთა განხილვა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინფიცირების 10 შემთხვევა გვხვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სხვადასხვა ქვედანაყოფებში. ინფიცირებულთა შორის არიან დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის და საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები. ამ მიმართულებითაც რეგიონში ეპიდკვლევა უკვე დაწყებულია.
როგორც საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი ბექა იოსელიანი აცხადებს, ცენტრის უკლებლივ ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება უტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად გადიან. ბექა იოსელიანი აცხადებს, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს სამედიცინო მომსახურების გაწევის ფარგლებში პაციენტებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ.
"უკლებლივ ყველა თანამშრომელს ვუტარებთ PCR ტესტირებას და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გადიან ისინი სამუშაოდ საკუთარ ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად. აქედან გამომდინარე დადასტურებულ შემთხვევებს არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ პაციენტებთან სამედიცინო მომსახურების გაწევის ფარგლებში. ოთხივე თანამშრომელი თავს გრძნობს კარგად, არიან უსიმპტომოები. ინფიცირების წყარო ოთხივე მათგანზე არის, რა თქმა უნდა, ცნობილი. რა თქმა უნდა იზოლაციაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც მათთან ჰქონდათ მჭიდრო შემხებლობა. პაციენტებისგან დაინფიცირდნენ სავარაუდოდ და არა ერთმანეთისგან," - აცხადებს საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი ბექა იოსელიანი.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის მონაცემებით, სტაციონარში ამჟამად 159 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, ემერჯენსში კი 18, რომელთაგან 9-ს COVID-19 დაუდასტურდა. როგორც გია კიკაბიძე აცხადებს, მედიკოსები 9 პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხებს ელოდებიან, რათა გადაწყვიტონ რომელ სივრცეში განათავსონ აღნიშნული პაციენტები.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ერთი ასაკოვანი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რაც არა COVID-19-ით, არამედ ჰემორაგიული ინსულტით არის გამოწვეული.
"სტაციონარში იმყოფება 159 კოვიდინფიცირებული პაციენტი. გარდა ამისა, ემერჯენსში გვყავს 18 პაციენტი, აქედან ცხრას დადასტურებული აქვს უკვე კოვიდ ინფექცია და ველოდებით მისი კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხს, რომ გადავწყვიტოთ რომელ სივრცეში უნდა განთავსდნენ ეს პაციენტები და საერთო ჯამში საავადმყოფოში იმყოფება 177 პაციენტი. 20 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, გუშინ დაგვემატა 2 პაციენტი.
პაციენტების მდგომარეობა ერთის არის უკიდურესად მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მდგომარეობა მძიმეა საკმაოდ. ასაკოვანი პაციენტია, ეს მდგომარეობა გამოწვეულია არა კორონავირუსით, ამ პაციენტს აღენიშნებოდა ჰემორაგიული ინსულტი, ან სისხლჩაქცევა თავის ტვინში," - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ.