თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძისა და მიხეილ რამიშვილის მიმოწერის დათვალიერებისას გაირკვა, რომ დავით ფურცხვანიძეს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატისთვის საკმაოდ ბევრი ფოტოსურათი აქვს გაგზავნილი, თუმცა გამოძიებას მიხეილ რამიშვილმა 2 ფოტოსურათი წარუდგინა.
პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება, ამ ეტაპზე, მხოლოდ მიხეილ რამიშვილის და დავით ფურცხვანიძის მიმოწერით ინტერესდება და მობილურ ტელეფონში არსებულ სხვა მიმოწერებში არ შედის.
დავით გუმბერიძის თქმით, მედიასგან განსხვავებით, მიხეილ რამიშვილს უფრო მეტი ვალდებულება გააჩნია როგორც საზოგადოებასთან, ასევე გამოძიებასთან.
"ტელეფონში აღმოჩნდა სხვა ფოტოები, რომლებიც ასევე იყო სატელიტის, შესაბამისად, ეს ინფორმაციაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მიხეილ რამიშვილმა ჩვენ, გამოძიებაში წარმოგვიდგინა მხოლოდ 2 ფოტოსურათი და მას ტელეფონში დავით ფურცხვანიძისგან გადაგზავნილი ჰქონდა რამდენიმე ფოტოსურათი.
ჩვენ არ შევდივართ სხვა პირებთან მიმოწერაში და ასევე არ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც ვთქვათ, შეიძლება არ იყოს კავშირში საქმესთან. თქვენგან განსხვავებით, მას უფრო მეტი ვალდებულება გააჩნია, როგორც მედიასთან, ასევე საზოგადოებასთან და რაც მთავარია გამოძიებასთან. როდესაც მოდის ჩვენთან და მოაქვს კონკრეტული დოკუმენტი, ამით ასაბუთებს და ითხოვს, რომ მივიღოთ საქმეზე მოცემულობად - რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მეტი გადამოწმება, სანდოობა და ადვოკატს გაცილებით მეტი ვალდებულება გააჩნია, ვიდრე ჟურნალისტებს," - აცხადებს საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე.