ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატება აჭარის რეგიონში გაზრდილ მობილობას უკავშირდება. მისი თქმით, საერთო სურათით იკვეთება, რომ ინფექციის მატებას და მის გავრცელებას ლოკალური ხასიათი აქვს. გაბუნია ამბობს, რომ შემთხვევების უმეტესი ნაწილი სწორედ ბათუმზე მოდის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ვირუსის მართვა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ის აცხადებს, რომ ჯერჯერობით ქვეყანა მწვანე ნიშნულში რჩება.
"ჩვენ ვართ დღეს ინფექციის მართვის აქტიურ ფაზაში, მიდგომა იცვლება, რადგან როდესაც თავდაპირველად ჩვენ გქონდა შეკავების სტრატეგია და მაქსიმალურად ვიყავით ორიენტირებული ვირუსის გადაცემის აღკვეთაზე, მობილობის შეზღუდვის გზით, ეს მუდმივად ესე ვერ გაგრძელდება. გვესმის, ყველა სოციალურ აქტივობას უნდა დავუბრუნდეთ და დღეს უკვე ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ინფექციის გავრცელების აქტიური მენეჯმენტისთვის, ვგულისხმობ, აქტიურ ტესტირებას, კონტაქტების მიდევნებას და ჯანდაცვის სისტემის მზაობას იმისთვის, რომ პაციენტი რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალური დახმარება, მიიღოს ეს დახმარება დროულად და ხარისხიანად," - აცხადებს თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში მოხდეს ინფიცირების დროული გამოვლენა და მათი იზოლაცია, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. თამარ გაბუნია ამბობს, რომ მომდევნო ერთ კვირაში სურათი უნდა დასტაბილურდეს. მისი თქმით, სექტემბრის ბოლოსთვის უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად მოხერხდა აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაცია.
"ჩვენ ძალიან მკვეთრ რყევებს და ზრდას ეპიდემიური მაჩვენებლებისა აჭარაში, დღეს ვერ ვხედავთ," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.