საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისის მეტროს სადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი ერთეული სათამაშო აპარატი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.