25 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
ბოლნისის პოლიციაში "ქართული ოცნების" წევრების გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა - ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან ინციდენტის შედეგად დაშავებულები

ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში "ქართული ოცნების" წევრების გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. სამართალდამცველებს მათ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან ინციდენტის შედეგად დაშავებულები. "ქართული ოცნების" აქტივისტს, გიორგი აწყვერელს ღია ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ექიმის თქმით, გარდა ამისა, პაციენტს თავის ტვინის შერყევაც აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სტაციონარში გადაყვანა დასჭირდა "ქართული ოცნების" კიდევ რამდენიმე მხარდამჭერს. ინციდენტის დროს სულ 10-მდე ადამიანი დაშავდა.

"შემოვიდა პაციენტი თვითდინებით კლინიკაში თავის ღია ჭრილობით. კონსულტირებული იქნა ქირურგის მიერ, ჩაუტარდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და გრძელდება დაკვირვება და მონიტორინგი კლინიკაში," - განაცხადა ექიმმა ნინო გოგიძემ.

ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გუშინ მოხდა. დაპირისპირება ჩაიხანაში დაიწყო, სადაც შევიდა "ქართული ოცნების" 16 მხარდამჭერიდან ნაწილი, რომლებიც მანამდე სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებს აკრავდა. იყო შელაპარაკება და მცირე ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც მმართველი პარტიის აქტივისტებმა იქვე მდებარე "ქართული ოცნების" შტაბთან გადაინაცვლეს.

"ოცნების" მხარდამჭერების ინფორმაციით, სწორედ აქ მოხდა მათზე თავდასხმაც და "ნაციონალური მოძრაობის" ხელკეტებით შეიარაღებული, დაახლოებით, 30 აქტივისტი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარის საპირისპირო ვერსიას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა". ისინი მმართველი გუნდის აქტივისტებს აგრესიაში ადანაშაულებენ და მათ მოსახლეობის დაშინებაში სდებენ ბრალს.

დღის ამბები