02 მაისი 2024,   02:10
ვრცლად
ორი მეზობელი ქვეყნის სტაბილურობის მორღვევა გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე - ექსპერტები სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე

ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან თბილისში ექსპერტები ეხმაურებიან.

სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა როლს ითამაშებს აღნიშნულ კონფლიქტში რუსეთი.

მათი თქმით, ორი მეზობელი ქვეყნის სტაბილურობის მორღვევა გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე.

"ცუდია რეგიონისთვის, მთავარია არ გართულდეს და სრულმასშტაბიან ომში არ გადავიდეს. თუ ეს გადავიდა სრულმასშტაბიან დაპირისპირებაში, მაშინ ორი პრობლემა გვექნება ჩვენ, ეს არის ერთი - ლტოლვილების ნაკადი, რომელიც წამოვა ალბათ საქართველოსკენ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. და მეორე, ასევე პოლიტიკური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის იქნება რუსეთის მიერ კორიდორის მოთხოვნა, ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორის გახსნა ჩვენს ტერიტორიაზე, რაც კარგს არაფერს მოასწავებს, იმიტომ რომ ამ კორიდორში გამოდის რუსული სამხედრო ტექნიკაც," - აღნიშნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ.

"ჩვენ მოლოდინში ვართ, როგორი იქნება რუსეთის მოქმედება ამ მზარდ რეგიონალურ ჰეგემონიაზე. ორივე ქვეყანა არის ჩვენი უშუალო სამეზობლო, შესაბამისად, რეგიონში სტაბილურობის მორღვევა უშუალო გავლენას ახდენს ჩვენს პოლიტიკურ მდგრადობაზე და ეკონომიკურ სტაბილურობაზე და მეორე გარემოება - ორი მსხვილი ეთნიკური უმცირესობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს და ჩვენი მოქალაქეები არიან, როგორი იქნა ამ კონფლიქტის გავლენა ამ ეთნიკურ უმცირესობებზე, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის თანაბარი გამოწვევა იქნება," - განაცხადა ანალიტიკური ორგანიზაციის "ჯეო ქეისის" თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა.

დღის ამბები