კონფლიქტოლოგი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი "დღის კურიერში" ეთერში აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს უნიკალური როლი აქვს. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ინტერესებშიც არაა რომელიმე მხარის წარმატება.
"ბუნებრივია უშიშროების საბჭო აუცილებლად უნდა იქნას მოწვეული, უცნაურია, რომ არ ხდება მოწვევა იმიტომ, რომ მეზობელ, მეგობარ ქვეყნებში ხდება ეს ყველაფერი და ბუნებრივია უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს, მაგრამ საქართველოს როლი მინიმალური შეიძლება იყოს აქ, მთავარია მისი დამბალანსებელი პოლიტიკა.
საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა ამ ყველაფერში, რომლის ინტერესებში არაა რომელიმე მხარის წარმატება, მთავარი არის, რომ მხარეები შეთანხმდნენ რაღაცაზე. საქართველოს წარმატება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ეს ორი სახელმწიფო შერიგდეს და შეთანხმდნენ რაღაცაზე და მშვიდობამ დაისადგუროს. არც ერთ სხვა სახელმწიფოს, არც რუსეთს, არც თურქეთს, რომ ჩართული არიან პროცესებში, ასეთი მკაფიოდ გამოხატული სამშვიდობო ამოცანები არ აქვთ.
საქართველომ ეს უნდა შეინარჩუნოს და დააფიქსიროს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ალიანსს თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს კეთილმეზობლური დამოკიდებულება სომხეთთან და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ჰუმანიტარული ტვირთები იქნება ეს, თუ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები სომხეთთან, არ გაწყდება.
საქართველოს მართლა უნიკალური მომენტი აქვს, რომ დააბალანსოს სიტუაცია. საკმარისია საქართველომ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას, რომ აირიოს სიტუაცია.
ჩვენი სწორი პოლიტიკა არის დაბალანსებული პოლიტიკა, რაც შეეხება შუამავლობას - ეს გამორიცხულია ბევრი ფაქტორით, მთავარი ფაქტორია - რუსეთი. რუსეთი არის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის არ დაუშვებს, თბილისში ჩატარდეს სამშვიდობო შეხვედრები. ამიტომ ნუ გვექნება მაღალი ილუზიები, ჩვენი როლი უნიკალურია და კარგად უნდა მოვუფრთხილდეთ," - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.