19 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - 11 პირის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში იწყება 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. ადვოკატთა ნაწილი კონკრეტული შუამდგომლობების წარდგენას აპირებს - მათ შორის არის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა.

"კურიერისთვის“ ცნობილია, რომ წინასასამართლოს დასკვნით ეტაპზე მოსამართლე მხარეებს შესთავაზებს, ხომ არ სურთ ბრალდებულებს მათი საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მიერ მოხდეს.

კანონის თანახმად, ეს მხოლოდ იმ 4 ბრალდებულებს ეხება, რომლებსაც გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. 

"მნიშვნელოვანია, აღნიშნული საქმე მკვლელობის ბრალდების ნაწილში რომელ მოსამართლეს დაეწერება და იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ბრალდებულთან შეთანხმებით, ვინაიდან ფაქტიურად, მცხეთის სასამართლოში, მიუხედავად, სასამართლოს სისტემის პატივისცემისა, არ რჩებიან ის კომპეტენტური მოსამართლეები, რომლის იმედი შეიძლება ჩვენ გვქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს არჩევას საფუძვლად დაედოს მოსამართლეთა არაკომპეტენტურობა,“ - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა.

ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი, შოთა კახიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო სხდომაზე თავად გააჟღერებს საკუთარ გადაწყვეტილებას, სურს თუ არა რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.  

"ჩემგან ნიკა რევაზიშვილს გაწეული აქვს სრული იურიდიული კონსულტაცია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს არსის შესახებ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, როდესაც დადგება ეს საკითხი, სასამართლო სხდომაზე თავად ნიკა რევაზიშვილი გააცხადებს სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ სასამართლო არის მიკერძოებული და სასამართლო არის ხელისუფლების დავალებების შემსრულებელი. შესაძლებელია ავირჩიოთ ნაფიცმსაჯულებიც, შესაძლებელია არ ავირჩიოთ,“ - განაცხადა შოთა კახიძემ.

ამის პარალელურად, წინასასმართლო სხდომაზე მხარეები დააყენებენ შუამდგომლობებს და მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ. საბურთალოელების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ.

 

 

დღის ამბები