მამაკაცს, რომელსაც ნათესავ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, სააპელაცო სასამართლო უკან ციხეში აბრუნებს. საუბარია კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ინცინდენტზე. 5 წლის გოგოს ოჯახი 58 წლის კაცს ძალადობაში ადანაშაულებდა.
გაზაფხულზე მამაკაცი დააკავეს, თუმცა ის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. ოჯახმა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოში იჩივლა. განაჩენი დღეს გამოცხადდა, თუმცა სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა.
"სამუშაოდ წავიდა. დღეს იყო პოლიცია, მკითხეს, სად იყო თქვენი ქმარიო. ვუთხარი რომ სახლში არ იყო. ვიცოდი რომ დღეს სასამართლო იყო, მაგრამ ვიცი, ჩემი ქმარი ამის გამკეთებელი არ არის. მეც მყავს პატარა ბავშვები, რომ ვიცოდე ამის გამკეთებელია, ასეთი ადამიანი გვერდში ჩვენც არ გვჭირდება,"-უთხრა "კურიერს" მსჯავრდებულის მეუღლემ.
"მიხარია რომ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე ამ ბავშვის იგივე დედა ვარ. ეს კაცი ჩვენი ნათესავია, იმსახურებს ყველანაირ სასჯელს, ეს დანაშაული როგორ გაგვიბედა? ამდენი ტყუილის შემდეგ კარგია, რომ პასუხი გასცა სასამართლომ,"-უთხრა "კურიერს" დაზარალებული ბავშვის ნათესავმა.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა.