24 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
სტიქია აჭარაში და ცხედრების ძიების 22 საათი ხელვაჩაურში - 5 დაღუპულიდან 3 ერთი ოჯახის წევრია

კორონავირუსის შემდეგ აჭარას სტიქიაც დაატყდა თავს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით დაძრული მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომანქანა მოიყოლა. შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი ოჯახის სამი წევრი. სტიქიას შეეწირა არასრულწლოვანიც, რომლის ცხედარსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გარდაცვლილი თედორაძეების მეზობლები იხსენებენ, რომ გვიან ღამით, მაშინ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა,  ძლიერი ნგრევის ხმა გაიგეს. 112-ში ოფიციალური ინფორმაციით, 400-მდე გამოძახება შევიდა. მეზობლები და თვითმხილველები "კურიერს" უყვებიან, რომ სახლი, რომელშიც თედორაძეები ცხოვრობდნენ, დაზიანებული იყო, არსებობდა შესაბამისი გეოლოგიური დასკვნაც, თუმცა რეაგირება არც ერთი უწყებიდან არ მომხდარა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, შესაბამისი უწყებები გეოლოგიურ დასკვნებს სწავლობენ და თუ რაიმე სახის დარღვევა გამოიკვეთა, მკაცრი რეაგირება მოხდება.

მეწყერი ხელვაჩაურში გუშინ საღამოს 11 საათისთვის ჩამოწვა. ამინდის გაუარესებისა და რთული რელიეფის გამო გართულდა სამუშაოები. მეხანძრე-მაშველები ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილ მოქალაქეებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დამეწყრილ ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. ძლიერი წვიმის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა. ერგესთან დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მიწის მასის გამო კი გადაადგილება შეფერხებულია.

დღის ამბები