02 მაისი 2024,   08:11
ვრცლად
თბილისისი აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული გ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა გ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის რეისით ჩამოფრინდა.

პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 34 აბი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" და ფსიქოტროპული პრეპარატი "ლირიკა".

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები