სომხეთის საელჩო, ინტერნეტში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს საქართველოს გავლით აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკის გადატანა ხდება, დეზინფორმაციას უწოდებს.
"ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, ბორჯომში გადაღებული სამხედრო ტექნიკის აზერბაიჯანში გადატანა ხდება არ შეესაბამება რეალობას. ვიდეოში ნაჩვენები სამხედრო ტექნიკა ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მისი გადაადგილება განხორციელდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,"- აცხადებს სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხარე ვერ იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხურ მხარეს მოუწოდებს, არ აყვნენ დეზინფორმაციას.
"ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა სახის ფეიკნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა, თითქოს სულ ახლახანს აზერბაიჯანში საქართველოს გავლით მოხდა იარაღის შეტანა, რაც ცალსახად დეზინფორმაციაა. მინდა სომხურ მხარეს მოვუწოდო, არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას. საქართველო აგრძელებს თავისი საერთშორისო ვალდებულებების პირნათლად გაგრძელებას,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
"ცდილობენ ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინონ როგორც ერთ-ერთი მხარე ამ კონფლიქტისა. ეს არის სიცრუე და ამ მცდელობას შედეგი ვერ მოყვება, რადგან ჩვენი პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული, გვაქვს კომუნიკაცია მხარეებთან და შესაბამისი ქმედებები ხორციელდება, რომ ნებისმიერ დეზინფორმაციას პასუხი გაეცეს,"-აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.