19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება - "ქართუმ" ტერიტორია მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. მუნიციპალიტეტს დღეს  ფართი უსასყიდლოდ გადაეცა.

პროექტზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს და მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. პროექტის განხორციელებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.

მუნიციპალიტეტს ტერიტორია ფონდმა "ქართუმ" უსასყიდლოდ გადასცა.

"პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტთან დაკავშირებით და მომდევნო დღეების განმავლობაშ მოგაწვდით ინფორმაციას ზუსტ თარიღს, თუ როდის დაიწყება მშენებლობა," - განაცხადა კახა კალაძემ. 

"სამუშაოები დაიწყება ოქტომბერშივე, შემჭიდროებულ ვადებში ვეცდებით დავასრულოთ პროექტი, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გიგანტური ტერიტორია და სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, საკმაოდ ძვირი პროექტი არის, რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.

მოხარული ვარ, რომ თბილისს გაუჩნდება ახალი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა სარეკრეაციო ფუნქციონალით, რაც შეიძლება სარეკრეაციო პარკს გააჩნდეს," - აღნიშნა ფონდი ”ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე კი ხაზგასმით აცხადებს, რომ პროექტს არჩევნებთან კავშირი არ აქვს. 

"ეს არის ჩვენი ქალაქისთვის და თბილისელებისთვის უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი პროექტი, შესაბამისად, ნებისმიერ დროს ამ საჩუქრის და პროექტის განხორციელება ჩვენი ქალაქსთვის არის სასიხარულო ამბავი და რა თქმა უნდა, არანაირ არჩევნებს ეს არ უკავშირდება,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. 

დღის ამბები