დღის ბოლოს სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს მთიან ყარაბაღში 19 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 80 პირი.
არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ ომბუდსმენის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არის ბავშვიც. ჯაბრაილის რაიონის კიდევ სამ სოფელზე კონტროლის მოპოვების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
სომხეთის თავდაცვის უწყება კი ფრონტის ერთ-ერთ ნაწილზე აზერბაიჯანელი სამხედროების ალყაში მოქცევის შესახებ იუწყება.
ერევნი ამტკიცებს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანის მხარეს 200 სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება და თავის მხრივ ერთ-ერთ სოფელში მდებარე სომხეთის კუთვნილი იარაღის საწყობის, ორი სარაკეტო სისტემისა და სხვა სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ ავრცელებს ცნობებს.