26 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
"კურიერი" საომარი მოქმედებების ზონებში - მთიან ყარაბაღში მძიმე ტექნიკისა და საჰაერო იერიშების გაძლიერებას ელოდებიან

ბრძოლა ყარაბაღისთვის - "კურიერი" ცხელი წერტილიდან რეპორტაჟს გთავაზობთ. ორი პირდაპირი ჩართვა საომარი მოქმედებების მიმდებარე ზონებიდან - ლიკა ალელიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შევიდა და დავით ცაგარელი აზერბაიჯანის მხრიდან, სადაც დღეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიბომბა.

"კურიერის" კორესპონდენტი აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში, განჯაში იმყოფებოდა, რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან 90 კმ-ის დაშორებითაა. მეზობლებს შორის სამხედრო დაპირისპირების მეათე დღეს განჯაში ათეულობით დანგრეული სახლია, ხოლო ცენტრალური უბანი მთლიანად ნამსხვრევებითაა სავსე.

"კურიერის" მეორე ჯგუფი კი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირებას სომხეთის მხრიდან აშუქებს. ოფიციალური ერევანის განმარტებით, დღის პირველ ნახევარში სტეფანაკერტში და შუშიში სიმშვიდე იყო, არ ყოფილა საჰაერო იერიშები. თუმცა, მაღალი რისკისა და მოსალოდენელი საფრთხის გამო, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმავალი გზა დაცარიელებულია.

სამხედრო დაპირისპირების მეათე დღეს საბრძოლო მოქმედებების პარალელურად გრძელდება ურთიერთბრალდებებიც. სომხეთის თავდაცვის უწყება კი ფრონტის ერთ-ერთ ნაწილზე აზერბაიჯანელი სამხედროების ალყაში მოქცევის შესახებ იუწყება. ერევანი ამტკიცებს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს 200 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

ინფორმაციას უარყოფს ოფიციალური ბაქო და ერთ-ერთ სოფელში მდებარე სომხეთის კუთვნილი იარაღის საწყობის, ორი სარაკეტო სისტემისა და სხვა სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ ავრცელებს ცნობებს. 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები