საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, დავით გარეჯი და კომისიის ყოფილი წევრების დაკავება - დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორ წევრს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო ბრალდება მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
ივერი მელაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიცავს ნატალია ილიჩოვას ინტერესებს. გამოძიება მათ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება.
"ეს არის ძალიან ბინძური ტყუილი, რომელიც პოლიტიკური მიზნების გამო შეთითხნეს. ეს ხალხი პოლიტიკას ეწირება. არჩევნების წინ აჟიოტაჟის, პიარის აგდება უნდოდათ. იმისათვის, რომ "ნაციონალების" ვიღაცაზე გავიდნენ, ვიღაც უნდა გადათელონ, ისე ვერ მიაღწევენ ზემოთ. ეს ხალხი შეწირეს ამ პოლიტიკურ დაპირისპირებას,"- განაცხადა ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ.
"შევხვდი ბრალდებულს, მოვითხოვე მასალების გადმოცემა. ველოდებით აღმკვეთის ღონისძიებისა და ბრალის წარდგენის პროცედურებს. ბრალს არ აღიარებს. გამორიცხავს ზოგადად მის მიერ განხორციელებულ რაიმე ქმედებას, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა ამ საქმის კონტექსტში. მიიჩნევს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი აქვს," - აღნიშნა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულებმა დელიმიტაციის პროცესში იხელმძღვანელეს 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, და არა 1937-38 წლების რუკებით. სხვაობა საქართველოსთვის საზიანოა. საუბარია 3 500 ჰექტარ ფართობზე.