30 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
თავდაცვის ძალებს ქართული "დელტას" წარმოების ჯავშანმანქანები გადაეცა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა "დიდგორი", მათ შორის "დიდგორი მედევაკი" და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა.

ჯავშანმანქანა "დიდგორების" ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. მისი განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

40-მდე "დიდგორის" ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა "დიდგორი მედევაკი" სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული.

სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები "დიდგორი" კი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. "დელტას" მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.

დღის ამბები