ორივე ბრალდებული შეგნებულად მალავდა ავთენტურ დოკუმენტებს - გარეჯის საკითხთან დაკავშირებული, დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას პროკურატურა ასე ეხმაურება.
საქმის პროკურორის განცხადებით, უკვე არსებული მტკიცებულებებით დაკავებული პირების დანაშაული დგინდება და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები იძლევა იმის საფუძველს, რომ ბრალი დამტკიცდეს.
ამირან გულუაშვილის განმარტებით, საქმის გამოძიება კანონის ფარგლებში მიმდინარეობს და მასზე რაიმე პოლიტიკური ნიშნით გავლენა გამორიცხულია.
"მტკიცებულებებს წარმოადგენს არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ უტყუარი, ავთენტური, ტოპოგრაფიული დოკუმენტები, სხვადასხვა კომისიის საქმიანობები, არქივებიდან მოძიებული დოკუმენტები და მათი ანალიზი იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ორი ბრალდებული, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, შეგნებულად მალავდა ავთენტურ დოკუმენტებს. უწყება საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროს ხელმძღვანელობს კანონისმიერი სტანდარტით და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი თუ ქვეყნის პოლიტიკური კალენდარი, ბუნებრივია, ამ დროს მხედველობაში ვერ იქნება მიღებული,"- განაცხადა საქმის პროკურორმა.