06 სექტემბერი 2026,   16:53
ვრცლად
ამ საქმეს ნუ დავარქმევთ დავით გარეჯის საქმეს, საუბარია სასაზღვრო ზოლის სხვა ნაწილებზე - გიორგი მშვენიერაძე

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავებას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ხაზს უსვამს, რომ წარდგენილი ბრალდება არ ეხება დავით გარეჯის კომპლექსს და საუბარია საზღვრის სხვა ნაწილზე, ხოლო დავით გარეჯის სახელთან აქცენტი გამიზნულად ხდება. 

"ამ საქმეს ნუ დავარქმევთ დავით გარეჯის საქმეს, რადგან ის ბრალდება, რომელიც მას აქვს წარდგენილი, არ ეხება დავით გარეჯის კომპლექსს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ საუბარია სასაზღვრო ზოლის სხვა ნაწილებზე. ამ თემის მიწებება ხდება სპეციალურად დავით გარეჯთან და ეს ასე არ არის.

მეორე საკითხი, რაც საინტერესოა, არის ის, რომ ცალსახად ჩანს პროკურატურის ცალმხრივი პოზიცია, მათ შორის ისეა დანიშნული ექსპერტიზები და ისეა დასმული კითხვები, რომ რამენაირად ბრალი გამოკვეთილიყო და არა იმაზე, რომ პროკურატურას ნეიტრალურად შეესწავლა საქმე,"-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

ეკა გიგაური "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია აუცილებლად ჩაერთვება ამ საქმეში და იმედს გამოთქვამს, რომ საკითხით საერთაშორისო პარტნიორებიც დაინტერესდებიან.

"ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხდება ქართველი ხალხით ემოციებით მანიპულაცია წინასაარჩევნო პერიოდში და ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ქართველებისთვის დავით გარეჯის თემა არის ძალინ სენსიტიური. ზუსტად ამას ცდილობს ხელისუფლება - პოლიტიკური მოტივაციების გამო ხდება ძალიან წესიერი ადამიანების დაჩაგვრა და ციხეში ჩასმა. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ჩვენ ამა საქმეს დავაკვირდებით, ჩავერთვებით და, არ მგონია, ეს საქმე დარჩეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიღმა,"-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები