საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა.
"დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის 1 ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - განუცხადეს "კურიერს" პროკურატურაში.
ცნობისთვის, აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის. გამომძიებელი ჟურნალისტი ბოლოს საქართველოში 2017 წლის 29 მაისს იმყოფებოდა, როდესაც დედაქალაქის ცენტრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. რამდენიმე საათში კი, ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.
ამასთან, მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა გატაცების საქმეზე ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.