"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული, ივერი მელაშვილის ოჯახი მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურ თამაშად აფასებს.
როგორც დაკავებული მეუღლე, თამარ სულაძე ამბობს, მის უდანაშაულობას ისიც ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს არ სურდა ივერი მელაშვილი კომისიაში ყოფილიყო, რადგან პოზიციებს არასდროს თმობდა.
"აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამთ, რომ არ უნდოდათ ჩემი მეუღლე კომისიაში ყოფილიყო, იმიტომ, რომ ის ერთ გოჯსაც კი არ უთმობდა მათ. მათ სურდათ, ვინმე ისეთი ყოფილიყო, ცოტა რბილი, რომელიც მათ სასარგებლოდ დათმობდა რამეს, ეს კი არაფერს თმობდა.
აბსურდულია ბრალდება. უბრალოდ, სჭირდებათ ეს რაღაც წინასაარჩევნო პიარისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მათ რაღაც კომპრომატებით და ასეთი რაღაცებით სცადონ ზეწოლა სხვა კომისიის წევრებზე,"-განაცხადა თამარ სულაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.