საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული პირების ჩამონათვალი, როგორც ჩანს, საგრძნობლად მოიმატებს. უკვე გამოკითხულია ზურაბ ნოღაიდელი. გარეჯის საკითხზე უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, რაც მედიის შეკითხვებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი უპასუხებს.
დავით ხიდაშელი - პირი, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, მზად არის ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხოს. შესაძლოა ამის შემდეგ გარეჯის საკითხზე უფრო მეტი დეტალი ცნობილი გახდეს.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გუშინ დაბრუნებულ ხიდაშელს კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნება ის მედიისთვის ბრიფინგს დღეს გამართავს.
საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უკვე გამოიკითხა.
"კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი ადასტურებს, რომ ის უკვე გამოიკითხა, თუმცა მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და პირდაპირ ეთერს ითხოვს.
"გამოკითხვაზე, რომ ვიყავი მხოლოდ ამას გიდასტურებთ, არ მინდა სატელეფონო კომენტარი. შევთანხმდით, რომ გაძლევთ ინტერვიუს, ოღონდ პირდაპირ ეთერში," - აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.