სამეგრელოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, 18 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 8 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
გარდა ამისა, 4 შემთხვევა გამოვლინდა ფოთში, მათგან სამი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყაროს ექიმები ადგენენ.
3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, სამივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 შემთხვევაც მარტვილში უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
სენაკში 1 პირის ინფიცირების წყარო თბილისის მოგზაურობას უკავშირდება.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში ამ ეტაპზე 253 მოქალაქეა ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი.