19 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ევროპული საქართველო" პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს და ქსნის სკოლის დირექტორის უფლებამოსილების აღდგენას ითხოვს 

"ევროპული საქართველო" ქსნის სკოლის თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის უფლებამოსილების აღდგენას ითხოვს.

როგორც პარტიაში ამბობენ, დოდო ჭოტორლიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია და მისი გათავისუფლების მოტივი შვილის პოლიტიკური ხედვებია, რომელიც ცეზარ ჩოჩელისა და კახა ოქრიაშვილის ღია მხარდამჭერია.

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ეს პედაგოგებზე ზეწოლის მორიგი ფაქტია და საარჩევნო პერიოდში ასეთ გადაწყვეტილებებზე მორატორიუმს ითხოვენ.

დოდო ჭოტორლიშვილს სკოლის დირექტორის პოსტზე უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა გაუვიდა და მისი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"ხელისუფლება აგრძელებს ფართომასშტაბიან ზეწოლას დირექტორებსა და მასწავლებლებზე. ხელისუფლებამ არ გამოაცხადა კონკურსი დირექტორებზე, არ დაიწყო არჩევნები და ჩვენ, არჩევნების დღისთვის მივდივართ ისე, რომ დირექტორების უმრავლესობა იქნება არა არჩეული, არამედ დანიშნული და ეს მათი უფლებების უხეში დარღვევაა. მოვუწოდებ განათლების მინისტრს, დროებით მორატორიუმი გამოაცხადოს პროცესზე და მოვალეობის შემსრულებლად დანიშნოს ყველა ის დირექტორი, რომელსაც გასდის ვადა,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა.

ოპოზიციის აღნიშნულ კრიტიკას "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უპასუხა.

"ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებოდნენ. მათი ახლობლები, ოჯახის წევრები, თუ ადამიანი სხვა პოლიტიკურ გუნდს უჭერდა მხარს, ვერც ერთ საჯარო სამსახურში ვერ დაიწყებდა მუშაობას, ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. დღეს ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებიან ადამიანები,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები