06 სექტემბერი 2026,   06:03
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ყარაბაღი კვლავ საომარ მოქმედებებში რჩება - სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთბრალდებების რეჟიმზე გადავიდნენ

მოსკოვში შეთანხმებიდან 5 დღის შემდეგ მთიან ყარაბაღში ცეცხლი ისევ დაუბრკოლებლად იხსნება, სომხეთი და აზერბაიჯანი კი ურთიერთბრალდებების რეჟიმზე გადავიდნენ. ბაქო დილიდან მოწინააღმდეგის მხრიდან აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაბომბვის თაობაზე იუწყება. თუმცა პარალელურად აზერბაიჯანის არმიამ კონფლიქტის ზონაში ახალი დასახლებები აიღო. პრეზიდენტი ალიევი კი სომხეთის არმიის სამხედრო ტექნიკის განადგურებაზე "ფრანს პრესს" უყვება. პრეზიდენტის ანგარიშით მოწინააღმდეგის გასანადგურებლად უპილოტო საფრენი აპარატები საკმარისად აქვს.

აზერბაიჯანის მიერ საარტილერიო ცეცხლის განახლების შესახებ საუბრობს სომხეთის თავდაცვის უწყებაც, ვისი ინფორმაციითაც ცეცხლი ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით იხსნება. ამავდროულად ნიკოლ ფაშინიანი კონფლიქტის რეგიონში მისი სამხედრო ძალების მნიშვნელოვან დანაკარგზე საუბრობს. პრემიერი სიტუაციას "ძალიან სერიოზულს" უწოდებს. ფაშინიანი თვლის, რომ მსოფლიო ამჯერადაც არ აძლევს სწორ შეფასებას პროცესებს და მას ყარაბაღის სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ აქტიურად მოუწოდებს მხარეებს ვაშინგტონი და მოსკოვი.  მაიკ პომპეო საერთაშორისო მოთამაშეებისგან ითხოვს არ ჩაერიონ არსებულ კონფლიქტში და ხელი არ შეუწყონ დაძაბულობის გაღრმავებას.

რუსეთი თურქეთისგან კონსტრუქციულ მიდგომებს ელის და პირველად ეხმაურება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ახლო აღმოსავლეთის მებრძოლების მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რასაც შემაშფოთებლად მიიჩნევს. ამავდროულად კრემლი კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების გაგზავნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. 10 ოქტომბერს კი მოსკოვის ჩართულობით მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა არაღიარებული ყარაბაღი კვლავ საომარ მოქმედებებში რჩება. 

დღის ამბები