19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მეშვიდე კლასელის ცემაშია ბრალდებული

ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მისივე სკოლის მეშვიდე კლასელ მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. 

2 დღის წინ მოსწავლემ 112-ში  დარეკა და პოლიციას მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ შეატყობინა. აღნიშნულ ფაქტს იხსენებს დირექტორი დოდო გოთუა და ამბობს, რომ მას მოსწავლეზე ფიზიკურად არ უძალადია და მხოლოდ სიტყვიერი, ხმამაღალი შენიშვნა მისცა.

სიტყვიერი შენიშვნა დირექტორისგან სხვა მოსწავლეებმაც მიიღეს, რადგანაც, როგორც დირექტორი ჰყვება, VII კლასი სადეზინფექციო ხსნარით წუწაობდა.

ინციდენტს არ შესწრებია კლასის დამრიგებელი, თუმცა ამბობს, რომ მოსწავლე გ. პ. ძალიან ცელქი და რთულად აღსაზრდელი ბავშვია და დირექტორთან კონფლიქტი შარშანაც მოუვიდა. დამრიგებელი ირიბად ამბობს იმასაც, რომ დირექტორმა, შესაძლოა, ბავშვზე ფიზიკურად მართლაც იძალადა. 

გ.პ.-ს ბებია სიდახან ბაკურიძე გვეუბნება, რომ ინციდენტის შესახებ შვილიშვილს მასთან არ უსაუბრია და ამბავი მეზობლებისაგან გაიგო. ადასტურებს იმას, რომ დირექტორთან კონფლიქტი მის შვილიშვილს შარშანაც ჰქონდა. ამბობს, რომ შვილიშვილმა პოლიციაში, ალბათ, იმიტომ დარეკა, რომ მათი იმედი არ ჰქონდა, რადგანაც ყველა კონფლიქტის დროს ოჯახი ბავშვს ადანაშაულებდა.

ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს ოზურგეთის პოლიცია. უკვე გამოკითხულია სკოლის დირექტორი, რომელიც ასევე ქვედა ბახვის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია და გამოკითხული არიან ქვედა ბახვის სკოლის მოსწავლეები.

დღის ამბები