19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის თქმით, სასურველია გამოძიების ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხონ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები​ს საქმეში არსებული მტკიცებულებები ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს გადაეცათ.

ბრალდებულის ინტერესების დამცველებმა გენერალური პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს. ერთ-ერთი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ სასურველია, გამოძიების ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხონ. 

"თუ ვამბობთ, რომ ივანიშვილისგან იყო ეს დავალება მიღებული, ჩვენ ველოდებით, რომ მისი დაკითხვის ოქმიც იქნება საქმეში. გარდა ამისა, ღარიბაშვილიც ფიგურირებს საქმეში და მისი ჩვენებაც საინტერესოა, ჩვენ ველოდებით. დაცვის მხარე რა სამართლებრივ ქმედებებს განახორციელებს ეს ცალკე საკითხია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება თავად მიიღებს ამასთან დაკავშირებით ზომებს,"-განაცხადა უფლებადამცველმა. 

ნატალია ილიჩოვას კიდევ ერთი ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, სასურველია დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელსაც კომისიის საქმიანობასთან ოდესმე შეხება ჰქონიათ. 

"რაც შეეხება მაღალჩინოსნებს, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ არის ნოღაიდელის ჩვენება რაც გადმომეცა. ჯერ არ გავცნობივარ. დანარჩენი პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირების ჩვენებებზე ინფორმაცია არ მაქვს. ცხადია, მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების ინფორმაცია ერთხელ მაინც ჰქონია ამ კომისიის საქმიანობასთან, მათ შორის, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი მასალაა, რადგან ჩვენი პოზიცია რაზეც არის დაფუძნებული, რომ ეს რუკები არსებობდა და ბევრჯერ ყოფილა ამაზე მსჯელობა, წესით და რიგით, ეს უნდა დაადასტურონ,“-განაცხადა გიორგი მახარაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი. 

დღის ამბები