06 მაისი 2024,   09:00
ვრცლად
გუდაურში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის ოჯახმა გორში აქცია გამართა

გუდაურში მომხდარ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის ოჯახმა, გორში აქცია გამართა. ოჯახი ნაფიცი მსაჯულების შერჩევის საქმეზე პროკურატურას არაობიექტურობაში ადანაშაულებს.

დღეს გორის სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მორიგი პროცესი გაიმართა და კიდევ 2 მსაჯული შეირჩა. შესაბამისად, ამ დროისთვის, 14-დან მხოლოდ 8 მსაჯულის ვინაობაა დადგენილი.

"ძალიან რთული იყო ოჯახის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება, ბევრ ადამიანთან გავიარეთ კონსულტაცია. მითხრეს რომ ნორმალურად შერჩეული ნაფიცი მსაჯულების კანდიდატების დროს, შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ ეს საქმე და არ დავუშვებთ რომ სასამართლოს გადაეცეს საქმე," - აცხადებს მერაბ კობიაშვილის მეუღლე ნატა ქიტესაშვილი.

რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას, ის აცხადებს, რომ საბოლოოდ, ნაფიცი მსაჯულები ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

​"დარწმუნებული ვარ, როდესაც ნაფიცი მსაჯულები დაინახავენ, რომ მოძალადე ადამიანები დაკავებულები არ არიან, მათ აუცილებლად გაუჩნდებათ პროტესტის გრძნობა. მით უმეტეს, როდესაც საბრალდებო სკამზე გვყავს ადამიანი, რომელსაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, ვფიქრობ რომ საბოლოო გადაწყვეტილებაში ძალიან ნათლად აისახება ნაფიცი მსაჯულებისა და მთლიანად საზოგადოების პოზიცია,"- აღნიშნავს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ მათი მიზანი ობიექტური მსაჯულების შენარჩუნებაა. 

"ისეთ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს ნაცნობობა, მაგალითად ადვოკატთან აქვს, თუკი ეს ადამიანი მიუკერძოებელი იქნება ის შესაძლოა დავტოვოთ, მაგრამ ასეთი კანდიდატი მე არ მეგულება. ჩვენ ვცდილობთ შევარჩიოთ ობიექტური მსაჯულები,"- აცხადებს საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

 

 

დღის ამბები