15 წლის გოგონა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა. ეს საქართველოში პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. რამ გამოიწვია გართულება, ექიმები არ ამბობენ.
სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ყოველდღიური მატება 1000-იან ნიშნულს გასცდება. დღეს კორონავირუსი ქვეყანაში 958 ადამიანს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 4 პაციენტი, ორი თბილისში, ორი კი ბათუმში. დღეს თბილისმა შემთხვევების რაოდენობით წითელ ზონას, აჭარას გადაუსწრო.
კორონავირუსი ახალციხეში საბავშვო ბაღის პედაგოგს დაუდგინდა, სასწავლო დაწესებულება დახურულია. თითქმის სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაშია TBC ბანკის ოზურგეთის ფილიალი, სადაც COVID-19 მმართველს დაუდასტურდა. ინფექცია დაუდასტურდა გორში ადგილობრივი ტელევიზიის თანამშრომელს, ინფიცირებულია "დიას" დაცვის წევრი, შემთხვევის მიუხედავად არხის საინფორმაციო სამსახურს მუშაობა არ შეუწყვიტავს.
მსოფლიო კორონავირუსს 11 თვეა ებრძვის - ასობით მედიკამენტის გამოყენების ფონზე ყველაზე ეფექტურად ისევ დექსამეტაზონი ითვლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მძიმე პაციენტებთან მდგომარეობას სწორედ ეს პრეპარატი ამსუბუქებს. მძიმე პაციენტების სამკურნალოდ კიდევ ერთი საშუალებაა უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი ანუ პლაზმა. ერთი ყოფილი ინფიცირებულის მიერ გაღებული სისხლი 2 პაციენტის გადასარჩენად საკმარისია.