"ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა. ადგილობრივ მხარდამჭერებს კანდიდატი პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინეს.
სიტყვით გამოსვლების დროს ლიდერებმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება დევნილების პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე გამახვილდა, რომლის წინაშეც ზუგდიდი და რეგიონი დგას.
"ზუგდიდი არის სამეგრელოს წარმატების გასაღები. შემდგომი 4 წლით, რაც საარჩევნო ციკლია, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და რა თქმა უნდა, აქედან დიდი ნაწილი მოხმარდება ამ კუთხეს და სამეგრელოს.
ვაკეთებთ გზებს, მაგისტრალურს ვაკეთებთ, მაგრამ შიდა სასოფლო გზები უკვე პრობლემაა, სასმელი წყალი სოფლებში, საირიგაციო წყლები - ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად.
ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზის გარეშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, ამ საბოლოო მიზნის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება გამარჯვება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
"მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ შემდეგ მათი განათლება გამოვიყენოთ ისევ და ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებას,"- განაცხადა კახა კალაძემ.
"დღეს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული არჩევნებით, რომელიც ჩვენს მიერ მიღებული ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციით არის გარანტირებული, გადავდგათ კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. უფრო ძლიერი დემოკრატია ნიშნავს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო მეტ ნდობას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
"ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ. ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უკეთესი ზუგდიდი. არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ იმ უმთავრეს და უდიდეს პრობლემაზე, რომელიც უდგას დევნილ მოსახლეობას. ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ბოლო 30 წელია ერთად ვცხოვრობთ, ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვიზიარებთ სიხარულს, წარმატებას და წარუმატებლობასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ ვართ ზუგდიდელები და ერთად ვაშენებთ ზუგდიდს,"- აცხადებს პარლამენტის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანი.