ბოლნისი-მარნეულის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციაში მოწმეების გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ბოლნისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ბექა წაქაძეც, რომელიც ფაქტის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. წაქაძე ამბობს, რომ მან არაფერი იცის არც იარაღის შესახებ და არც ის თუ საიდან აღმოჩნდა ლევან მიქელაძის მანქანაზე ნატყვიარები.
სამართალდამცველებმა დეპუტატის სახლიც გაჩხრიკეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სხვისი ქონების დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ნაციონალური მოძრაობისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან მიქელაძე აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ. მმართველი გუნდში კი ამ მოვლენებს პროვოკაციულ ქმედებებად აღიქვამენ.