საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება ჯონდი ბაღათურია. ყოფილი დეპუტატი და "ქართული დასის" დამფუძნებელი პროკურატურაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმის ფარგლებში დაიბარეს.
როგორც პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანებიდან "ქართული დასი" ჯონდი ბაღათურია ამბობს, ის გეგმავს პროკურატურას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს, რომელიც დავით გარეჯის საქმეს უკავშირდება. მისი თქმით, ეს სადაო ტერიტორია რომ მეზობელ ქვეყანასთან ქვეყნის საზიანოდ შეთანხმდა, ის წლებია ინფორმაციას ფლობს და ამაზე ღიადაც საუბრობდა.
ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მისი დეპუტატობის დროს მან პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დააყენა, თუმცა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯონდი ბაღათურიას თქმით, არწმუნებდნენ, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.
"კრიმინალურმა ბანდამ თავის დროზე ჩაიდინა დანაშაული. მე მახსოვს, როცა პარლამენტის სხდომაზე გამოვედი და სახელმწიფო ღალატის გამო დავსვი სამართლებრივად პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, მაშინ ყველა ერთი და იგივეს მპასუხობდა, რომ მე თითქოს ვცდებოდი და რომ ქედზე გადიოდა საბჭოთა კავშირის დროსაც საზღვარი. წითელი საზღვარი ქედის ქვევიდან ამოწიეს 2006 წელს ქედის ზევით, როგორც ახლა გაირკვა, თუმცა ჩვენ მაშინ ამაზე უკვე გვქონდა ინფორმაცია, უბრალოდ ამას ვერ ვამტკიცებდით," - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
ჯონდი ბაღათურიას დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც უპასუხეს. პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძე ჯონდი ბაღათურიას რუსული პროპაგანდის ნაწილად მოიხსენიებს და ამბობს, რომ გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების დროს არავითარი შეთანხმება არ ყოფილა.
"ბატონი ჯონდი ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდის ნაწილია. ყველაფერი გასაგებია რასაც აკეთებენ, არავითარი შეთანხმება გარეჯზე არ ყოფილა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. არ ყოფილა არავითარი ხელმოწერილი დოკუმენტი. პირიქით, გარეჯის თემა, ადამიანების ბედით მანიპულირება არის ზუსტად ის, რომ რეალურად ეროვნული ინტერესები დააზარალა თვითონ "ქართულმა ოცნებამ"," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.