მკლავჭიდის ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება დროებით შეუჩერდა. გადაწყვეტილება საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებულმა სპორტული ორგანიზაციებისა და აღიარების საბჭომ მიიღო.
მიზეზი ფედერაციაში არსებული დაძაბული მდგომარეობა გახდა. სამინისტრო დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. რამდენიმე დღის წინ ფედერაციაში ხმაური და დაპირისპირება იყო, სპორტსმენები და მწვრთნელები მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
"ის ძალადობა, რაც იქნა გამოვლენილი ფედერაციაში მწვრთნელებისგან, სპორტსმენებისგან, არის კატეგორიულად მიუღებელი. მიუღებელია ის მართვის ფორმა, რომელიც ფედერაციას აქვს წლების განმავლობაში და კონფლიქტური სიტუაციაა, მათ შორის ფედერაციის მმართველობის გამჭვირვალობის კუთხით. ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტებიდან გამომდინარე ფედერაციას დროებით შეუწყდება საბიუჯეტო დაფინანსება, ეს არ ეხება სპორტსმენებს, რომლებიც მიიღებენ სტიპენდიებს თავისი სპორტული შედეგებიდან გამომდინარე," - განაცხადა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და უწყების სახელით კიდევ ერთხელ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებისკენ.