19 ნოემბერი 2024,   07:18
ვრცლად
ყველა ქართველს აქვს კომფორტის მოთხოვნილება, ვერ წარმომიდგენია ქართველი პაციენტი, რომელიც შეიძლება სტადიონზე განვათავსოთ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით "წითელ ზონაში" გადასვლა ნიშნავს მნიშვნელოვნად საგულისხმო მდგომარეობას და ამ მიმართულებით, შესაბამისი სამუშაოები უკვე ტარდება. 

მინისტრის განცხადებით, ეს გულიხმობს პირველადი ჯანდაცვის მობილიზაციას, საწოლფონდის დამატებას და ცხელი ხაზის და ონლაინ კლინიკების გააქტიურებას, საიდანაც მოქალაქეები მათთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. 

ეკატერინე ტიკარაძემ საველე ჰოსპიტლების მოწყობის საჭიროებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ხერხს სახელმწიფო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს. 

"ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ამას აქვს ძალიან ბევრი მიზეზი, თუ რატომ არ მიმდინარეობს ამ საველე ჰოსპიტლების გაშლა საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ჩვენი კულტურული მოთხოვნილებები, ჩვენი ემოციური მდგრადობა და სურვილები, რაც გვაქვს. ყველა ქართველს აქვს მაღალი კომფორტის მოთხოვნილება და ვერ წარმომიდგენია ქართველი პაციენტი, რომელიც ჩვენ შეიძლება რომელიმე სტადიონზე განვათავსოთ. გარდა ამისა, ვიცით ჩვენ როგორაა მოწესრიგებული სტადიონების სივრცეები და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისად მოწესრიგებული სივრცეები, რომელიც საქართველოში არც ისე ბევრი გვაქვს.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მეტი საწოლების რაოდენობა, ვიდრე ზოგადად 3 მილიონ 700 ათას მოსახლეზე საქართველოს ესაჭიროება და ამ ეტაპისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩვენი პაციენტები განვათავსოთ კომფორტულად, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოებში. სანამ ჩვენ ბოლომდე არ ამოვწურავთ ამ რესურსს, არ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომ ჩვენი მოქალაქეები განვათავსოთ სტადიონებზე თუ სხვა სივრცეებში,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები