"ცენტრალური საარჩევნო კომისიის" ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ოქმების ნაწილი სამართლებრივად გამართულია და ვრცელდება, როგორც ყალბი.
მისივე განცხადებით, შეიძლება იყოს ისეთი ოქმებიც, სადაც მართლა ფიქსირდება შეცდომა და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ შეცდომების გასწორებაზე მუშაობს.
"რამდენიმე სახის პრობლემაა, რომელიც ახლა სოციალურ ქსელში ტრიალებს იმისთვის, რომ საზოგადოებაზე მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა და მათ აჩვენოს, რომ თითქოსდა შედეგები იყო არასწორი.
პირველი, ეს არის ოქმები, რომელიც მაჟორიტარული სახის არის და ტრიალებს, თითქოსდა, იქ აკლია ხმები, მაგრამ ის ამომრჩეველი მაჟორიტარულ ნაწილში არ იღებს მონაწილეობას, ვინც პროპორციულში, ეს არის აბსოლუტურად გამართული ოქმები, მაგრამ ტრიალებს, როგორც ყალბი. მეორე, რომელსაც ახლავს შესწორებების ოქმები, მაგრამ მხოლოდ ძირითადი ოქმები ვრცელდება და ის შესწორებული, 20 ხმა იქნება, 5 თუ 10 ხმა, მიზანმიმართულად არ არის გამოტანილი და არის ამაზე ყვირილი და მესამე, სადაც შეიძლება მართლა იყოს შეცდომა და არ ახლდეს შესწორების ოქმი, მაგრამ ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ოლქის მიერ განხილული იქნება.
დღეს მიმდინარეობს ამ ოქმების რევიზია, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესული შედეგების თვალსაზრისით და გასწორება, ამავდროულად, საფუძვლებით, შესწორების ოქმების შეყვანაც და უფრო მეტიც, ამ საკითხებთან დაკავშირებული საჩივრებიც იქნება განხილული. თითოეული შემთხვევა, ნებისმიერი პოლიტიკოსი რასაც დააფიქსირებს სამართლებრივი გზით, იქნება რეაგირება. იქნება შედეგი ზუსტად ის, რაც არის საარჩევნო ყუთში და მეტიც - ყველა ოქმი დევს ცესკოს საიტზე და ყველას შეუძლია დათვალოს,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ.