ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კოვიდინფიცირებული პრემიერი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ და თვითიზოლაციაში მყოფი მთავრობის სხვა წევრები თავს კარგად გრძნობენ.
"ბატონი გიორგი კარგად გრძნობს თავს, დღეს მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, შესაბამისად, ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას. ქალბატონი ნათია თურნავა და ბატონი მიხეილ ჩხენკელი არიან თვითიზოლაციაში, მათ არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი დღეისთვის, შესაბამისად ისინიც კარგად გრძნობენ თავს და ელოდებიან ტესტის პასუხებს. ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს სამწუხაროდ დაუდასტურდა კორონავირუსი და ისიც სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას და მუშაობას,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, პრემიერ გიორგი გახარიას კორონავირუსი შაბათს დაუდგინა და მას შეხება ბიძინა ივანიშვილთან, არც ნებისმიერ სხვა მთავრობის წევრთან არ ჰქონია.
"შაბათს გიორგი გახარიამ გარკვეული დრო გაატარა დაცვის წევრთან, რომელსაც შაბათსვე დაუდგინდა კორონავირუსი სისტემური ტესტირების შედეგად. ის შაბათსვე გადავიდა თვითიზოლაციაში. ნათია მეზვრიშვილის კონტაქტი არის ასევე დაცვის წევრი. ნათია თურნავას აქვს ვარაუდი ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან, რომელიც არ არის დაკავშირებული გიორგი გახარიასთან და ნათია მეზვრიშვილთან, მიხეილ ჩხენკელის კონტაქტი არის ოჯახის წევრი.
გიორგი გახარია, მას არ ჰქონდა შეხება არც ბიძინა ივანიშვილთან, არც ნებისმიერ სხვა მთავრობის წევრთან," - განმარტა ვიცე-პრემიერმა.