ზაალ უდუმაშვილი არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დამკვირვებლების სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე, სადაც მედიადამკვირვებელ ლინა დოლიძეს და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ლინასა და მის მეუღლის წინააღმდეგ ჯერ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რის შემდეგაც ლინამ გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც მოვიდა და გამოიცანით, შემდეგ რა მოხდა? - მეორე დღეს ლინა დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში და უპირებენ ბრალი წაუყენონ საარჩევნო უბანზე მომხდარი არეულობისთვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის. ეს არის ივანიშვილის სამართალი," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ლინა დოლიძის განცხადებით, უცნობმა პირებმა, მას საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დოლიძის თქმით, ინციდენტის შემდეგ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს და ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებისა და ძალადობის მუხლით წაუყენეს.