"ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, საბურთალოს საოლქო კომისიასთან, სადაც ხმაური და დაძაბულობაა, მათი დეპუტატობის კანდიდატები დაიჭირეს.
როგორც ბიწაძე ამბობს, ხმების დათვლის პროცესი არასამართლიანად მიმდინარეობს.
"დაკავებული არის ადამიანი, რომელსაც ამ მომენტამდე იცავს დეპუტატობის კანდიდატობის იმუნიტეტი, ჩვენი სიის მეოთხე ნომერი ოთარ თავართქილაძე და ასევე გამოაძევეს უკანონოდ სხდომიდან ჩვენი წარმომადგენელი ცესკოში. რაც ხდებოდა ოქმებში, გადმოვიდა რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ დავინახეთ, რომ დაკავებისას მას ურტყამდნენ. ეს დაინახეს თქვენმა კოლეგებმა. რაც ოქმებში ხდება, ის ხდება უკვე რეალურ საქართველოში. შეგრჩება ხელში ბიძინა კობახიძე," - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
ამ წუთებში ხმაურია საბურთალოს საოლქო კომისიასთან - "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შეუერთდნენ ალეკო ელისაშვილი, "ერთიანი საქართველოს" წევრი ანზორ ბიწაძე, "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი. აქციის მონაწილეები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ საჩივრები სამართლიანად იქნას განხილული. ოპოზიციის ნაწილი შენობაში შესვლას ცდილობს, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
ამასთან, აქცია მიმდინარეობს თბილისის სხვადასხვა საოლქო კომისიის შენობასთან.