ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის დიაგნოზით ბოლო დღეებში გარდაცვლილი პაციენტების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა აცხადებს, რომ ლეტალობის მაჩვენებელი, ძირითადად, დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას და პაციენტების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას უკავშირდება.
ტიკარაძის თქმით, რაც მალე ჩაერთვება პაციენტი მკურნალობის პროცესში, მით უფრო ეფექტური იქნება ჯანდაცვის სექტორის მუშაობა.
"გარდაცვლილებზე კონკრეტულ შემთხვევებს ვიცნობ, ამ შემთხვევების გარდა, სხვა შემთხვევებსაც ვიცნობ. აქ მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, დროულობა და ეფექტურობა. პირველ ფაქტთან დაკავშირებით, ის, რომ არ დაუდასტურდა ვირუსი და რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა, ეს არ მეტყველებს, რომ რამე ხარვეზი იყო ტესტირების კომპონენტში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს და წუთს ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ შეიძლება დავინფიცირდეთ. სწორედ აქიდან გამომდინარე, ჩვენ თავი უნდა დავიცვათ და დისტანციის არდაცვა გვაყენებს ყველაზე დიდ ზიანს.
ჯანდაცვის სექტორი, რა თქმა უნდა, იღებს ყველა ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას და ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. თუმცა ისეთი შემთხვევები, რომელიც უკვე რთულდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ან - გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე ამ ყოველივეზე გაუჭირდებათ მხოლოდ ექიმებს პასუხის გაცემა. მერწმუნეთ, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რათა მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. სამინისტროს პირველი რგოლიდან ბოლო რგოლამდე ყველა არის ჩართული იმისათვის, რომ თითოეულმა პაციენტმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა.
რაც შეეხება 27 წლის გოგონას შემთხვევაზე, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტი, მაგრამ რამდენადაც ჩვენ შემთხვევა შევისწავლეთ, ახალგაზრდა გოგონა გადიოდა ბინაზე მკურნალობას, რამაც გამოიწვია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, დიაგნოსტირებაც იყო გვიანი, მას ტესტირებისთვისაც კი არ მიუმართავს დროულად. მე ყოველთვის ვერიდები ამ ფაქტების დეტალიზაციას, ვინაიდან, არ მინდა ეს ბრალეულობა გადავიდეს პაციენტების მხარეს და მე მინდა, რომ ჯანდაცვის სექტორი იყოს პასუხისმგებელი ყველა ქმედებაზე და შედეგებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორი.
ჩვენ დღეს კლინიკურ ჯგუფთან გვქონდა დამატებითი შეხვედრა იმისათვის, რომ მეტად უფრო ინფორმატიული გავხადოთ მკურნალობის კომპონენტი.
საზოგადოების ჩართულობა დროულობაში, ჩვენს ეფექტურობას ასჯერ ზრდის," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.