საქართველოში კორონავირუსი მორიგ ანტირეკორდს ამყარებს, სპეციალისტების პროგნოზი კი პესიმისტურია, ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ვარაუდობენ. ქვეყნის ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ პანდემიის შეკავება მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თუკი ნიღბის ტარების კულტურა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.
ბოლო 24 საათში COVID-19-ის ისევ მაღალი მაჩვენებელი - 2,859 დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმს, ქუთაისსა და თბილისს უკავშირდება. ვირუსს დღეს 18 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 47 წლის მამაკაცია.
რისკების გათვალისწინებით ჯანდაცვის სამინისტრომ მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები შეიტანა. კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა მოხდება, სადაც პაციენტს ჩაუტარდება გამოკვლევებიც და საჭიროების შემთხევაში, მსუბუქი მკურნალობაც. ბინაზე დარჩებიან სრულიად უსიმპტომო პაციენტები და ის, ვისაც რისკის ძალიან დაბალი დონე აქვს. ჰოსპიტალიზებული იქნებიან ინფიცირებულები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები და რისკის ქვეშ მყოფი პირები არინ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ცვლილებები ჰოსპიტალიზაციების რიცხვის შემცირებას ემსახურება, რომ რეალური საჭიროების მქონე პაციენტები არ დარჩნენ სამედიცინო მომსახურების გარეშე.
უკვე ამოქმედდა 57 ონლაინ კლინიკა რომლებიც ბინაზე მყოფ პაციენტებს ემსახურება.